ახალი ამბები

თელავის ჭადრაკის სახლის რეაბილიტაცია დროებით შეჩერებულია- ფოტოები

თელავის ჭადრაკის სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერებულია. ამ ეტაპზე დასრულებულია შენობის გადახურვის სამუშაოები, სამომავლოდ კი შიდა და გარე ფასადების რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, დროებით შეჩერებულია ყველა სახის სამუშაო.

“ჭადრაკის სახლის რეაბილიტაცია, მერის გადაწყვეტილებით, ამეტაპზე შეჩერებულია, რადგან რეაბილიტაციის დროს არ გვსურს იყოს ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც ჭადრაკის სახლის ისტორიულ სახეს შეცვლის. როგორც კი შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მსჯელობის შედეგად, გაგრძელდება სამუშაოები”,- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე რეაბილიტაციის დროს აღმოჩენილ იქნა მე-19 საუკუნით დათარიღებული არტეფაქტები. 2019 წელს ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ადგილზე აღმოჩნდა უძველესი არტეფაქტები, რომლებიც კულტურული მემკიდრეობის დაცვის სააგენტოს შესაბამისმა სპეციალისტებმა გამოიკვლიეს.

სამუშაოებისას აღმოჩენილი იქნა ძველი ქვევრები, ქვევრისა და თიხის ჭურჭლის ნამტვრევები. ასევე, კედლის დემონტაჟის დროს აღმოჩნდა თაღოვანი სივრცეები და სხვა.

უწყების ინფორმაციით, ჭადრაკის სახლის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ნებართვა გაცემულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ.