წყალმომარაგების კომპანია- კლიმატური პირობებიდან გამომდინარე თელავში წყლის დებეტი შემცირებულია
თელავში მცხოვრები მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, როგორც ქალაქში, ისე სოფლებში, წყლის გარეშე არიან დარჩენილი.
ისინი საკითხით დაინტერესებას შესაბამის სამსახურებს სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციებს გეგმავენ. ქალაქ თელავში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას თელავის მუნიციპალიტეტის მერიას და წყალმომარაგების კომპანიას სთხოვს. ადგილობრივების თქმით, ზოგ უბანში 2 კვირაა წყალი არ მიეწოდებათ მათი თქმით, მსგავსი პრობლემა აქვთ ქალაქის სხვა უბნებშიც.
,,თელავში სულ წყლის პრობლემაა მაგრამ ბოლო ერთი თვეა ეს პრობლემა გამწვავდა. კვირები გადის წყალი არ მოდის. ვრეკავთ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში და გვეუბნებიან გამოშვებულია გრაფიკით წყალიო, მაგრამ სად და ვის მიეწოდება არ ვიცით. ჩვენამდე არ მოდის. როდემდე არ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?- აცხადებენ ადგილობრივები knews.ge-სთან საუბრისას.
მსგავს პრობლემაზე საუბრობენ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა. ადგილობრივების თქმით, მათ სასმელი და სახმარი წყალი არ მიეწოდებათ. ისინი პრობლემის მოგვარებას შესაბამის სამსახურებს სთხოვენ.
,,გრაფიკით მოდის წყალიო და აბა სად არის? კვირები გადის და ონკანზე წყალი არ მოდის, წლებია ამ პრობლემის მოგვარებას უშედეგოდ ვითხოვთ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. იმ შემთხვევაში თუ ასე გაგრძელდა აქციებს გავმართავთ და პრობლემების მოგვარებას ვითხოვთ”,- აცხადებენ თელავის სოფელში მცხოვრები მოქალაქეები.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის თელავში წყლის დებიტი შემცირებულია და პრობლემა სწორედ მან შექმნა. კომპანიაში განმარტავენ, რომ წყალმომარაგების კომპანია თელავის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ორ პროექტს ახორციელებს.
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე, აკაკი მშვიდობაძე თელავში იმყოფებოდა და ქალაქში მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
მისივე თქმით, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის თელავში წყლის დებეტი შემცირებულია. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები კი აქტიურად მუშაობენ დებიტის გაზრდისა და არსებული გრაფიკის შენარჩუნებისთვის.
,,ქალაქში არსებულ გამოწვევაზე წყალმომარაგების კომპანიამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები წყლის დებეტის გაზრდისთვის. გარდა ამისა, პარალელურ რეჟიმში მოსახლეობას წყალს ვაწვდით წყალმზიდების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ქალაქ თელავში მიმდინარეობს ორი პროექტი. პირველი ეს არის ,,წიწმატიანის’’ პროექტი, რომელიც გულისხმობს 11 კილომეტრიანი მაგისტრალის მოწყობას, რითაც შესაძლებლობა მოგვეცემა ,,წიწმატიანის’’ სათავე ნაგებობიდან წყალი მივაწოდოთ ქალაქ თელავს. დამატებით, მიმდინარეობს საერთაშორისო დონორის მხარდაჭერით წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა სრულიად ახალი ქსელი ქალაქის მასშტაბით. ორივე პროექტი, მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თელავი 24 საათიანი წყალმომარაგებით იყოს უზრუნველყოფილი’’– განაცხადა აკაკი მშვიდობაძემ.
კომპანიაში განმარტავენ, რომ თელავში მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 31 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოები საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.