ახალი ამბები

ახალგაზრდა მეწარმე ნიკა ბაგალიშვილი წნორში აგროტურისტულ მეურნეობას გახსნის

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმე ნიკა ბაგალიშვილი აგროტურისტულ მეურნეობას და კაფეს გახსნის.

ნიკა ბაგალიშვილი ამბობს, რომ მას ასევე ბიომეურნეობა „სამყურა“ აქვს და რამდენიმე სახეობის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს. ის ასევე აცხადებს რომ სულ ახლახანს დაიწყო ეგზოტიკური და ფერადი ბოსტნეულის წარმოება, რომელიც სამომხმარებლო ბაზარზე იშვიათად გვხვდება. მეწარმე ამბობს, რომ კაფეში, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება, მომხმარებელს ადგილობრივი ნატურალური პროდუქტით გაუმასპინძლდება.

იასამნისფერი კარტოფილი, შავი და იასამნისფერი სტაფილო, შავი პომიდორი და სხვა მრავალფეროვანი ბოსტნეული- ეს ის პროდუქტებია, რომელსაც ნიკა ბაგალიშვილი აწარმოებს და ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით ჰყიდის. მისი პროდუქტი დედაქალაქში ხილბოსტნეულის რამდენიმე მაღაზიაშიც იყიდება.

მისი განცხადებით, იასამნისფერი სტაფილოს გარდა, სხვა ჯიშების მოსაყვანად სათესლე მასალის გამოწერა უწევს.

,,აღნიშნული პროდუქტების მოყვანა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ადგილობრივ ბაზარზე მცირე რაოდენობით იყიდება. ერთხელ ერთ შეხვედრაზე რესტორნების წარმომადგენლების მხრიდან წამოვიდა მოთხოვნა ეგზოტიკურ პროდუქტებზე. იქიდან გამომდინარე, რომ მიყვარს სიახლეები, გადავწყვიტე აღნიშნული პროდუქტების მოყვანა. ისინი ჩვეულებრივი პროდუქციისგან განსხვავედება გემოვნური თვისებებით, ვიზუალური ეფექტი აქვს ძალიან კარგი.

ვაწარმოებ თითქმის ყველა სახის ბოსტნეულს, რომელიც ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. პირველი, იმიტომ, რომ ნატურალური პროდუქტია, ამასთან გამოირჩევა ვიზუალითაც – ფერადი და ხარისხიანია, რის გამოც სოციალური ქსელის კვალობაზე, ძალიან დიდი მოთხოვნაა. ამასთან, თბილისის რამდენიმე მაღაზიაშიც იყიდება, თუმცა მთელი პროდუქციის 90%-ს ონლაინ ვყიდით. ნიშა განსხვავებულია იმ მხრივ, რომ ფერადი ბოსტნეულის წარმოებას რეალურად ძალიან მცირე მეწარმე მისდევს. შეიძლება ითქვას, ბაზარზე არც არის კონკურენცია, თუმცა პოტენციალი დიდია და დაინტერესების შემთხვევაში ძალიან ბევრ ფერმერს აქვს ამ ტიპის წარმოების შესაძლებლობა, თუკი ამისთვის ფინანსური რესურსი ექნება”,- აცხადებს ნიკა ბაგალიშვილი.

ნიკა ბაგალიშვილი აგროტურისტული ცენტრის გახსნასაც გეგმავს. შენობა ორსართულიანი იქნება და პირველ სართულზე ღია სივრცე მოეწყობა, მეორე კი დახურული, სადაც იქნება სამზარეულო და სადეგუსტაციო სივრცე. ნიკა ბაგალიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნულ სივრცეს ტურისტული დატვირთვა ექნება და ვიზიტორებს მის მიერ მოყვანილი ბიო პროდუქტების დაგემოვნება შეეძლებათ.

,,აღნიშნული ცენტრის მშენებლობის მიზანია ჩემი მეურნეობა გახდეს აგროტურისტული. ამ კუთხით ვგეგმავ გააქტიურებას. გარდა ტურისტების მიღებისა, მოხდება ბიომეურნეობის და ბიოპროდუქტების პოპულარიზაცია”,– განუცხადა Knews.ge-ს ნიკა ბაგალიშვილმა.

„სამყურა“ ბოსტნეულის გარდა, ბიოზეთსა და ბაბუაწვერას მურაბას აწარმოებს, რომელთა რეალიზებას ჯანსაღ ბიობოსტნეულთან ერთად ფეისბუქ-გვერდზე ახდენს.

„მალე გვექნება კაფე და ასევე სათბური, რაც საშუალებას მომცემს, ჩემი პროდუქცია ყველა სეზონზე უწყვეტად ვაწარმოო. კაფეში მოსულ სტუმრებს ,,სამყურას“ ბოსტნეულით მომზადებულ კერძებს შევთავაზებთ. დღესდღეობით ფერმერისთვის ფინანსებზე წვდომა დიდი დაბრკოლებაა. აუცილებელია ტექნიკური პროგრესი, რაც დამოუკიდებლად ძნელად მიიღწევა. ეს ფაქტორი რომ არ გვიშლიდეს ხელს, დღეს ბიომეურნეობა განვითარების სხვა სიმაღლეზე იქნებოდა საქართველოში“, – ამბობს ახალგაზრდა ბიომეწარმე.

რაც შეეხება ინვესტიციას, ნიკა ბაგალიშვილის ინფორმაციით, სათბურის მშენებლობას 25 000, ხოლო კაფეს 10 000 ლარი მოხმარდება. ბიო მეურნეობა „სამყურა“ წნორში მდებარეობს და მათი წარმოებული პროდუქცია ბაზარზე 2018 წლიდან იყიდება. ნიკას თქმით, 20-მდე სახეობის ბიო პროდუქტს, ბროკოლს, ლობიოს, კარტოფილს, ცხარე და ბულგარულ წიწაკას, პომიდორს და სხვა პროდუქტებს აწარმოებს.