ჩურჩხელის, ტყლაპისა და ჩირის მწარმოებელმა კომპანიამ წნორში ახალი საწარმო გახსნა
ნატურალური ტკბილეულის – ჩურჩხელის, ტყლაპისა და ჩირის მწარმოებელმა კომპანია „ბადაგმა“ ახალი საწარმო გასული წლის ნოემბერში გახსნა.
როგორც bm.ge-სთან „ბადაგის“ მარკეტინგის მენეჯერი, თამთა ჩანქსელიანი აცხადებს, საწარმო კახეთში, კერძოდ წნორში 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდა.
„ახალი საწარმოს მშენებლობის აუცილებლობა მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე გაჩნდა. მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ წნორში ახალი საწარმო აგვეშენებინა, რომელშიც ჩვენს მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ 1,5 მილიონი ლარი შეადგინა“- აცხადებს თამთა ჩანქსელიანი.
„ბადაგი“ წლის განმავლობაში დაახლოებით 4-5 მილიონ ჩურჩხელას აწარმოებს. კომპანიის პროდუქციაზე ფასები კი 6 ლარიდან იწყება და 600 ლარამდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია სასაჩუქრე შეფუთვებსა და შეთავაზებებზე.
„ბადაგი“ ჩურჩხელის, ტყლაპისა და ჩირის წარმოებით 2011 წლიდან არის დაკავებული და სრულიად საქართველოს მასშტაბით 9 ფილიალს ფლობს, მათ შორის ერთი წელს თელავში გაიხსნა. კომპანია სამომავლოდ სავაჭრო ცენტრების სრულად ათვისებას განიხილავს.