ახალი ამბები

ლაგოდეხში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებს

ლაგოდეხში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 38 წლის გიორგი ბარბაქაძე, დუმილის უფლებას იყენებს.

მამაკაცს ბრალი ცოტა ხნის წინ, თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში, საზოგადოებრივი ადვოკატის თანდასწრებით წარუდგინეს. ირინა იჩუკაიძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, საქმის დეტალებსა და საკუთარ პოზიციაზე, ჯერჯერობით არ საუბრობს.

ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, დღესვე შედგება თუ არა, სასამართლო სხდომა, რომელმაც ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი უნდა განიხილოს.

შეგახსენებთ, მკვლელობა 15 იანვარს, ლაგოდეხში მოხდა. გამოძიების მტკიცებით, 38 წლის გიორგი ბარბქაძემ, ყოფილი მეუღლე, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, გაზით გარდაცვალების ინსცენირებისათვის კი, ბინაში, ანთებული გაზქურა დატოვა. ქალის ცხედარი, ნაქირავებ ბინაში, სადაც ის სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, მეუღლესთან დაშორების შემდეგ ცხოვრობდა, ძმამ იპოვა.

შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებისას და გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალის აღმოჩენის შემდეგ, სამართალდამცავებმა, ნონა ჭაბაშვილის ყოფილი მეუღლე დააპატიმრეს. გარდაცვლილი ქალის მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი ხშირად ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა, რაც წარსულში მეუღლესთან დაშორების მიზეზიც გახდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11’109- ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულ ბარბაქაძეს, 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.