ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოსთვის ახალ სტრატეგიას ამტკიცებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოსთვის ახალი, 2022-2027 წლებისთვის განკუთვნილი ქვეყნის სტრატეგია დაამტკიცა.

სტრატეგიას სამი ძირითადი პრიორიტეტი აქვს: ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება, ინკლუზიურობის და რეგიონული განვითარების მხარდაჭერა და საქართველოს ეკონომიკის მწვანე გარდაქმნის ხელშეწყობა.

EBRD მიზნად ისახავს კომპანიების — მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოების — დახმარებას მათი პროდუქტიულობის და მდგრადობის გაზრდის გზით. მაგალითად, ციფრულ ტრანსფორმაციაში ინვესტირებით გაუმჯობესდება საწარმოთა კონკურენტუნარიანობა და ფინანსებზე წვდომა. გარდა ამისა, ბანკი გააგრძელებს მუშაობას ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის გასაძლიერებლად, რათა კომპანიები დაფინანსების უფრო ფართო არჩევანით უზრუნველყოს.

ბანკი ხელს შეუწყობს ფინანსებზე და საბაზისო მუნიციპალურ მომსახურებებზე წვდომის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ქალების და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების უნარების განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას არა მარტო თბილისში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

EBRD საქართველოს მწვანე ეკონომიკური გარდაქმნის დაჩქარებაშიც დაეხმარება. ამისათვის ის ხელს შეუწყობს სათბური აირების ემისიის შემცირების და განახლებადი ენერგიის მოხმარების გაზრდის ინიციატივებს. ის, ასევე, მხარს დაუჭერს რეფორმებს სახელმწიფო საწარმოებში — მათ შორის, ენერგიის და რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენების მიზნით — და განაგრძობს მწვანე ქალაქების პროგრამის გაფართოებას.