გაზაფხულიდან ბაზარზე ხორცი QR კოდით განთავსდება

QR კოდით ხორცის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება სრულად ხელმისაწვდომი 2022 წლის გაზაფხულიდან გახდება.

როგორც bm.ge-სთან საუბარში FAO-ს ცხოველთა იდენთიფიკაცია-რეგისტრაციის ხელმძღვანელმა, მიხეილ სოხაძემ განმარტა, სისტემა უკვე მზადაა, ფუნქციურია და მხოლოდ განხორციელებას საჭიროებს.

„27 დეკემბერს ჩამოვიდა სკანერები, რომლის საშუალებითაც QR კოდები დაიბეჭდება და შემდგომ მიენიჭება ხორცს. ახლა ყველაზე რთული ეტაპი, ამ მოწყობილობების სასაკლაოებზე დარიგება და ტრეინინგების ჩატარება დარჩა. ვფიქრობთ, 2022 წლის გაზაფხულიდან სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით, შესაძლებელი იქნება მომხმარებლისთვის QR კოდით ხორცის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება, ამა თუ იმ სარეალიზაციო ობიექტზე რომელ რეგიონში, რომელ სასაკლაოზე, რამდენი წლის დაკლული პირუტყვის ხორცი იყიდება“– აცხადებს მიხეილ სოხაძე.

Naits – ასე ჰქვია აპლიკაციას, რომელიც ამ დროისთვის სატესტო რეჟიმში მხოლოდ Android-ის მომხმარებლებისთვის მუშაობს.

„ამის დანერგვა სასაკლაოს მფლობელებისთვის სავალდებულო არ არის, უბრალოდ მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებითა და სასაკლაოების მფლობელების ნებაყოფლობით ამ პროექტს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს“ – განმარტავს FAO-ს ცხოველთა იდენთიფიკაცია-რეგისტრაციის ხელმძღვანელი.

ხორცისთვის QR კოდის მინიჭების პროგრამა დონორი ორგანიზაციების მიერ სრულად არის დაფინანსებული და სახელმწიფოს ერთადერთი პასუხისმგებლობა ამ პროგრამის განხორციელებაა.