სოციალურად დაუცველი ბავშვების ნაწილმა საკვები დანამატით ვერ ისარგებლა – აუდიტის დასკვნა
სახელმწიფო აუდიტის სამსახური საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე წერს.
როგორც ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების ხელმისაწვდომობის აუდიტის ანგარიშში წერია, 2020 წლის აპრილიდან ოქტომრამდე პერიოდში, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტში რეგისტრირებულ ბენეფიციართა საშუალოდ 30%-ს, ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული და მათთვის რეცეპტით გამოწერილი მედიკამენტები არ მიუღია.
აუდიტის ჯგუფმა ამ კატეგორიის პირთა გამოკითხვა ჩაატარა, შედეგად გამოკითხულთა 66% მედიკამენტების მიუღებლობის მიზეზად აფთიაქებში მარაგის არარსებობას ასახელებს, ხოლო 31% აღნიშნავს, რომ მედიკამენტის მისაღებად საკუთარი სურვილით არ მიუმართავს აფთიაქისთვის.
“აღსანიშნავია, რომ მაშინ როდესაც ბენეფიციარები მედიკამენტების მიუღებლობის ძირითად მიზეზად მარაგების არარსებობას ასახელებდნენ, სააგენტოს 2020 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ნაშთად ერიცხებოდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამავე დაავადებების სამკურნალოდ შესყიდული 4 335 124 ლარის ღირებულების ფარმაცევტული პროდუქტი”, – ნათქვამია აუდიტის სამსახურია ანგარიშში.
პროგრამული მედიკამენტების დაბალი ათვისების კიდევ ერთ მაგალითად უწყებას დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა მოჰყავს, რომლის ფარგლებში, სოციალური მომსახურების სააგენტო მედიკამენტების შესყიდვას ორსულებისა და ახალშობილებისთვის ახორციელებს.
“2017-2019 წლებში პროგრამა ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების 6 თვიდან 23 თვემდე ასაკის ბავშვების მიკროელემენტების შემცველი საკვები დანამატით უზრუნველყოფას, რომელიც გაიცემოდა ერთჯერადად, 6 კოლოფის (180გ=180 პაკეტი) ოდენობით. საკვები დანამატის შესყიდვა სააგენტომ 2016 წელს განახორციელა, ხოლო ბენეფიციარებზე გაცემას უზრუნველყოფდა პროგრამაში ჩართული სააფთიაქო ქსელის მეშვეობით.
სააგენტოს მიერ ბენეფიციარებზე გაცემულია საკვები დანამატის მცირე ნაწილი, რომლის მიზეზად ბენეფიციართა დაბალი მიმართვიანობა სახელდება. 2019 წლის ივლისში სააგენტოს მიერ შესყიდული საკვები დანამატის 44%-ს, 57,103 ლარის ღირებულების პროდუქტს, ამოეწურა მოქმედების ვადა, ხოლო 2020 წლიდან აღნიშნული კომპონენტი ამოღებულია სახელმწიფო პროგრამების სერვისებიდან”, – წერია აუდიტის ანგარიშში.
ამ ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაინერგოს, ხოლო დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში გაუმჯობესდეს მარაგების მართვის მექანიზმი, რომელიც მიმწოდებელ დაწესებულებებში არსებული ფარმაცევტული პროდუქტის რესურსისა და ბენეფიციარებზე გაცემის უწყვეტ მონიტორინგს უზრუნველყოფს.