ახალი ამბები

სათამაშო ბიზნესს გადასახადები ეზრდება

აზარტული თამაშების რეგულირების ახალი მოდელის მიხედვით, დღეიდან, ონლაინ-პროვაიდერებისთვის საგადასახადო დასაბეგრი ბაზა გაფართოვდა.

კერძოდ, მიმდინარე თვიდან განაწილებული მოგების გადასახადის სისტემა შეიცვალა GGR-ის 10%-ის დაბეგვრის წესით; თუკი აქამდე ონლაინ-აზარტული თამაშების ფირმები იხდიდნენ ისეთივე განაკვეთის და სტრუქტურის მოგების გადასახადს, რაც სხვა სექტორებისთვისაა დაწესებული, ახალი მოდელით დაიბეგრება მათ მიერ ფსონების სახით მიღებულ თანხასა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობის (GGR) 10%, რასაც ისინი ბიუჯეტში გადაიხდიან. ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს ცვლილება მათ დასაბეგრ ბაზას 65-70%-ით გაზრდის.

როგორც ლაშა ხუციშვილმა განმარტა, საგადასახადო თვალსაზრისით მოსალოდნელია, რომ ბიუჯეტის მიერ მიღებული შემოსავალი მეტწილად უცვლელი დარჩება და ის წლიურად 300-400 მილიონი იქნება, რადგანაც მთავრობა 1 მილიონი ადამიანისთვის თამაშის აკრძალვასთან ერთად, მნიშვნელოვნად ზრდის ამ სექტორისთვის არსებულ გადასახადებს, რამაც ეს კლება უნდა დააბალანსოს.

სათამაშო ბიზნესისთვის დასაბეგრი ბაზრის ზრდის გარდა, 1-ელი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. „შავ სიაში“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.

ჯამში, აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება.

1 მარტიდან, მკაცრდება კონტროლის მექანიზმებიც.

აიკრძალება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე – რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებზე.

სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.