სოციალურად დაუცველების ნაწილი საჯარო სექტორში დასაქმდება
მთავრობა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ნაწილის საჯარო უწყებებში დასაქმებას გეგმავს.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, პროგრამის ბიუჯეტი 15 მლნ ევროს აღემატება, რომელიც რამდენიმე წელსა და მიმართულებაზეა განაწილებული.
„მუშაობა მიმდინარეობს, გვაქვს გარკვეული კონცეფცია, რომლის შესახებაც 2022 წლის დასაწყისში მოსახლეობას უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით. ორი ნაწილი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად მოხდეს შრომისუნარიანი მოქალაქეების კერძო სექტორში დასაქმება, ეს უმთავრესი პრიორიტეტი იქნება, მაგრამ თუ კერძო სექტორი ვერ შეძლებს მოსახლეობის დიდი რაოდენობის დასაქმებას, ჩვენ მოვახდენთ საჯარო სამუშაოების დაორგანიზებას.
ეს იქნება როგორც მუნიციპალურ დონეზე, ისე სხვადასხვა სამინისტროს მიმართულებით. სამინისტროებში უკვე მიმდინარეობს მუშაობა თუ რა საჭიროებები გვაქვს და სად შეიძლება ადამიანების დასაქმება“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად პროექტს რეგიონული განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროები განახორციელებენ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის დაანონსებისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სოციალური პოლიტიკის მიდგომა მანკიერი იყო და მოქალაქეებს შრომის მოტივაციას უკარგავდა.