ახალი ამბები

ჩაი ღოლოიანიდან- ახალგაზრდების სტარტაპი სოფელ ახალსოფლიდან

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, ჩაის წარმოება დაიწყეს. კომპანია ,,ღოლოიანიდან” 2 თვის წინ მე-2 საჯარო სკოლის ექვსმა მოსწავლემ შექმნა.

კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი თათია სვიმონიშვილი აცხადებს, რომ მათ საქმიანობა ახლახანს დაიწყეს და ცდილობენ მეტი მომხმარებელი მოიზიდონ.
მისი თქმით, ამ დროისთვის კომპანია აწარმოებს ექვსი სახის, პრემიუმ ხარისხის ჩაის კერძოდ: ცირცელის და ასკილის წითელ ჩაის, კუნელის შავ ჩაის, პიტნის და დეკის მწვანე და ვარდის ჩაის.

ახალგაზრდებმა კომპანია მასწავლებელთან, ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელთან, შორენა ყარალაშვილთან ერთად ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს პროექტის “მეწარმეობის საფუძვლების” სწავლების ფარგლებში შექმნეს.

,,ჩვენმა მასწავლებელმა 6 ახალგაზრდა ახალსოფლის მე-2 სკოლიდან შეგვკრიბა და მისი დახმარებით წამოვიწყეთ პროექტი. დავიწყეთ ჩაის წარმოება და ამ დროისთვის ვაწარმოებთ 6 სახეობის პრემიუმ ჩაის, რომელსაც ჩვენს კურორტ ღოლოიანზე მოვიპოვებთ”,- განუცხადა knews.ge-ს თათია სვიმონიშვილმა.

ახალგაზრდა აცხადებს, რომ ჩაი ,,ღოლოიანიდან” სხვებისგან გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. თათიას თქმითვე, ჩაის კურორტ ღოლოიანიდან მოიპოვებენ.

,,ჩვენი ჩაი სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ არის ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებიდან მოვიპოვებთ. გარდა ამისა, ის გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით.”

ახალგაზრდა აცხადებს, რომ იდეის განხორციელებაში ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს პროექტი დაეხმარათ. გარდა ამისა, მათ უკვე შექმნილი აქვთ სპეციალური ლოგო და ჩაის ბრენდირებულად შეფუთვას ახორციელებენ.

,,პროექტში ჩართვით მოგვეცა საშუალება რომ ჩვენი იდეა განგვეხორციელებინა და დაგვეწყო ეს საქმე. ჩვენი მიზანი გარდა ჩაის წარმოებისა, არის კურორტ ღოლოიანის პოპულარიზაცია. გვინდა მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენს შესახებ. რაც ყველაზე მთავარია, გვაქვს ჩვენი ლოგო და ბრენდირებული შეფუთვა. ასევე გვაქვს მისაღები ფასიც, რათა ყველამ შეძლოს ჩაის ყიდვა,”- აღნიშნა თათია სვიმონიშვილმა.

ახალგაზრდა knews.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ახალი შექმნილია, მათ მიერ წარმოებულ ჩაიზე მოთხოვნა ყოველდღიურად იმატებს.

,,რაც შეეხება გაყიდვებს, გვაქვს და მოთხოვნაც ნელ-ნელა იზრდება. შექმნილი გვაქვს ასევე ჩვენი ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში და მისი დახმარებითაც ვიღებთ შეკეთებს. შეკვეთებს ვიღებთ მარტო სოფლიდან კი არა, სხვადასხვა რეგიონებიდანაც და ვახდენთ შეკვეთის ფოსტით გაგზავნას. სამომავლოდ ვგეგმავთ ჩვენი ჩაი გავხადოთ პოპულარული”,- აცხადებს თათია სვიმონიშვილი.