ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობა მალე კიდევ უფრო მარტივი გახდება
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიმდინარეობისას ამოქმედდა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მხარდამჭერი ახალი ინსტრუმენტი.
Helpdesk-ი ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს ბაზრის ახალი შესაძლებლობების მოძიებაში და საჭირო მოთხოვნებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღებაში.
ახალი პლატფორმა არის ევროკომისიის იმ ძალისხმევის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს მცირე ბიზნესის დახმარებას ვაჭრობის გაფართოების კუთხით. ის მცირე ბიზნესს, ვაჭრობის ექსპერტებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ქსელის დახმარებით, ინდივიდუალური რჩევებით უზრუნველყოფს. Helpdesk-ი წარმოადგენს ბაზარზე ხელმისაწვდომობის მონაცემთა ბაზის დანამატს, რომელიც ევროპულ კომპანიებს ეხმარება სავაჭრო შეთანხმებებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებაში რთული სავაჭრო წესების პრაქტიკული და მათზე მორგებული ინფორმაციის უზრუნველყოფის გზით.
ვალდის დომბროვსკისმა, ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და კომისარმა ვაჭრობის საკითხებში, განაცხადა: „აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის მხარდაჭერის სამსახური ამ მნიშვნელოვან რეგიონთან სავაჭრო კავშირების გაძლიერებაში დაგვეხმარება. რეგიონი ევროკავშირის 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია, ხოლო ევროკავშირი მის ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს, რომელზეც რეგიონის ვაჭრობის მთლიანი მოცულობის თითქმის მესამედი მოდის. ეს ინიციატივა კიდევ უფრო გააფართოებს ევროკავშირის კომპანიების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობებს და დიდ წვლილს შეიტანს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდაში“.
ოლივერ ვარჰელმა, ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, აღნიშნა: „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ჩვენ მიერ მომზადებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით, ჩვენ მიზნად ვისახავთ ევროკავშირსა და რეგიონს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ევროკავშირთან ვაჭრობის ხელშეწყობას. ეს პლატფორმა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის მხარდაჭერის პრაქტიკული საშუალება ჩვენს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებში – აღდგენა, მდგრადობა და რეფორმებში დახმარების გაწევა .”
Helpdesk-ი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Business ინიციატივის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის Helpdesk პროექტსა და საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC), როგორც განმახორციელებელი პარტნიორის, თანამშრომლობის შედეგად.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის helpdesk-ი სამ პრინციპზეა აგებული:
შესაძლებლობების გამოვლენა: მომხმარებლების დახმარება რეგიონში და ევროკავშირთან ვაჭრობის ყველაზე პერსპექტიული ბაზრებისა და პროდუქტების გამოვლენის მიზნით. ბაზრისა და დარგების მიხედვით რეგიონში და ევროკავშირთან სავაჭრო მაჩვენებლებისა და პოტენციური ვაჭრობის შედარებით, მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ბიზნეს გადაწყვეტილებებში დარწმუნება.
საბაზრო ინფორმაცია: მომხმარებლებისათვის ბაზარზე წვდომის იმ პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც მათ უნდა შეასრულონ კონკრეტულ ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გასატანად, აგრეთვე მათი დაკავშირება შესაბამის პარტნიორებთან თავიანთ ქვეყანაში ან სამიზნე ბაზარზე.
დახმარების ცენტრი: მომხმარებლების მხარდაჭერა პლატფორმიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, დამატებითი რესურსების მოსაძიებლად და შესაძლო კითხვებზე პასუხების მიღების მიზნით შესაბამის ადგილობრივ უწყებებთან დასაკავშირებლად.