ბიზნესს გარემოსდაცვითი რისკების დაზღვევისთვის ფულადი რეზერვის შექმნა მოუწევს
2023 წლის 1-ელი იანვრიდან მაღალი რისკის საქმიანობის განმახორციელებელ საწარმოებს ახალი ვალდებულება ექნებათ.
კერძოდ, სუბიექტებმა, რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პირველ დანართში ექცევიან, უნდა შექმნან ფულადი რეზერვი იმისთვის, რომ გარემოზე მიყენებული ზიანის შემთხვევაში სახსრები სწორედ ამ დანაზოგიდან გამოყონ.
„მაღალი რისკის საქმიანობის განმახორციელებელ საწარმოებს თავიანთი გარემოსდაცვითი რისკები წინასწარ უნდა ჰქონდეთ დაზღვეული. მათ გარკვეული ფინანსური გარანტიები უნდა ჰქონდეთ შექმნილი იმისთვის, რომ თუ ასეთი შემთხვევა დადგება და საწარმო გარემოს დააბინძურებს, მათ მყისიერად კი არ უნდა დასჭირდეთ ფინანსური სახსრების მოძიება, არამედ გარკვეული დანაზოგის სახით უნდა ჰქონდეთ ეს თანხები შეგროვებული. ეს მექნიზმი ამოქმედდება 2023 წლის 1-ელი იანვრიდან“,- აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.