კახეთში ახალი 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობაზე ჩინურ და თურქულ კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმდა
კახეთში ახალი 4-ზოლიანი მაგისტრალი უნდა აშენდეს. მშენებლობის პირველი ნაწილი თბილისიდან საგარეჯოს მიმართულებით 35.2-კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი გზის მოწყობას ითვალისწინებს.
ამ გზის ძირითად – 31.5-კილომეტრიან მონაკვეთზე მთავრობამ კონტრაქტორ ფირმებთან ხელშეკრულებები გააფორმა.
საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ნოემბრის ბოლოს გამოვლინდნენ. პროექტს ჩინური China Road and Bridge Corporation-ი და თურქული Gocay Insaat Taahhut ve Ticaret-ისა და “მაქრო ქონსთრაქშენის” კონსორციუმი 463.3 მილიონ ლარად ააშენებს. აღნიშნული გზის მონაკვეთის სატენდერო ღირებულება 575 მილიონი ლარი იყო და ის კომპანიების კონკურენციის შედეგად, 112 მილიონი ლარით 463 მილიონამდე შემცირდა. ტენდერში მონაწილეობა სულ 9 კომპანიამ მიიღო.
გზის მონაკვეთი ორ ლოტად იყოფა, ესენია:
ლოტი 1) ვაზიანი-საგარეჯოს 23.8-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 383.8 მილიონ ლარს შეადგენს. ტენდერში გამარჯვებულია China Road and Bridge Corporation-ი, რომელიც პროექტს 313.4 მილიონ ლარად ააშენებს, შესაბამისად, ერთი კილომეტრის გზის მშენებლობა ბიუჯეტს 13.2 მილიონი ლარი დაუჯდება. პირველი ლოტის მშენებლობა 30 თვეში უნდა დასრულდეს.
ლოტი 2) საგარეჯოს შემოვლითი გზის 7.66 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 191.5 მილიონი ლარია. ტენდერში გამარჯვებულია Gocay Insaat Taahhut ve Ticaret-ისა და “მაქრო ქონსთრაქშენის” კონსორციუმი, რომელიც პროექტს 149.9 მილიონად ააშენებს. შესაბამისად, ერთი კილომეტრი გზის მშენებლობა ბიუჯეტს 19.6 მილიონი ლარი დაუჯდება. მეორე ლოტის მშენებლობა 24 თვეში უნდა დასრულდეს.
კახეთის ახალი მაგისტრალის მშენებლობა კიდევ ერთ მონაკვეთს, თბილისი-ვაზიანის შემოვლით 3.7-კილომეტრიან გზას მოიცავდა, რომლის კონტრაქტორის შერჩევისთვისაც 74.8 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულებით ზაფხულში ტენდერი გამოცხადდა და მასში ოქტომბრის დასაწყისში კომპანია New Road-მა გაიმარჯვა, რომელიც პროექტს 64 მილიონ ლარად ააშენებს.
“ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა და მისი მშენებლობის შედეგად, მგზავრობის დრო კახეთის მიმართულებით განახევრდება. მნიშვნელოვანია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საინჟინრო და ფინანსური ანალიზის საფუძველზე, გზის მშენებლობა ლოტებად იმგვარად დაიყო, რომ მაღალი კონკურენციის უზრუნველყოფასთან ერთად, ადგილობრივ კომპანიებს მისცემოდათ ტენდერში დამოუკიდებლად მონაწილეობის საშუალება. შედეგად, სამიდან 1 ლოტს ქართული კომპანია ააშენებს,” – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
პროექტის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უშუალოდ გზის პროექტირების სამუშაოები, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ავსტრალიურმა და ამერიკულმა კომპანიებმა შეასრულეს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთი ინფრასტრუქტურის სამინისტრო