ზღვაში დაძველებული პირველი ქართული ღვინო აუქციონზე გაიყიდა
ზღვაში დაძველებული პირველი ქართული ღვინო – „რქაწითელის ნიჟარებიანი ამფორა“ აუქციონზე 500 ლარად (160 აშშ დოლარი) გაიყიდა.
ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს, რომელიც იდეის ავტორს დავით ნიკოლეიშვილს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ღვინო მეზობელ ქვეყანაში კრიპტოვალურების ერთ-ერთი კომპანიის მფლობელმა, ბიზნესმენმა იყიდა. ნიკოლეიშვილის ინფორმაციითვე, ამ დროისთვის, შავ ზღვაში 70-მდე ბოთლი ღვინო გადის დავარგების პროცესს, უახლოს მომავალში კი კიდევ 70 ბოთლი დაემატება.
აღსანიშნავია, რომ დავით ნიკოლეიშვილი პროფესიით ზღვის ეკოლოგია და ის შავი ზღვის უზარმაზარ პოტენციალზე საუბრობს, რომელსაც ქართველები არ იყენებენ.
„მე ყველას, მათ შორის მსხვილ ბიზნესმენებსა და ჩვენს მთავრობასაც ყოველთვის ღიად და პირდაპირ ვეუბნებოდი და მოვუწოდებდი შავი ზღვის აკვატორიის და განსაკუთრებით წყალქვეშ არსებული ტერიტორიების გონივრული ათვისების მიზანშეწონილობაზე, რადგან ზუსტად იქ არის დამალული საქართველოს ეკონომიკური განვითარების ყველაზე დიდი პერსპექტივა და პოტენციალიც. არ ვიცი კიდევ სადამდე ვაპირებთ ქართველები ზღვის პირას უქმად დგომას,“ – აცხადებს ნიკოლეიშვილი.