მთავრობამ ბუსტერ-დოზით აცრის ვადის შემცირებაზე გადაწყვეტილება მიიღო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე ე.წ. ბუსტერ-დოზების გაკეთება საქართველოში ნებადართულია, თუმცა არსებული პროტოკოლით, პირს ბუსტერის გაკეთება მეორე დოზით აცრიდან 6 თვის შემდეგ შეუძლია. როგორც ცნობილია, აღნიშნული ვადის 3 თვემდე შემცირებაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
უწყებათშორისი საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე ამბობს, რომ საბჭოს სხდომაზე დღეს ამ საკითხზე არ უმსჯელიათ, თუმცა ვაქცინაციის საბჭომ ეს გადაწყვეტილება მიიღო.
„ამ გადაწყვეტილებას იღებს ვაქცინაციის საბჭო და მე რამდენადაც ვიცი, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. როგორც ვიცი, უახლოეს მომავალში გადაწყვეტილება ამოქმედდება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.