თელავში საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს
თელავის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა, რომელიც თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, რევაზ გაიპარაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი წარუდგინა და არჩევნების შედეგების დოკუმენტაცია ახლადარჩეული საკრებულოს უხუცეს წევრს, ნიკოლოზ მაისურაძეს გადასცა.
,,სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების გარდა, ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეებიც აირჩიეს. ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თინათინ ხანჯალიაშვილი გახდა; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარედ ლევან კოჭლოშვილი აირჩიეს; საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ ლილუაშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა გიორგი ხაჭაპურიძემ დაიკავა; სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიას კი ლევან ბერძენაშვილი უხელმძღვანელებს. წარმოდგენილ კანდიდატურებს საკრებულოს უმრავლესობის ოცდაორივე წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო ოპოზიციამ კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო.”