რას საქმიანობს ორგანიზაცია ,,ლატლიიშდ”
არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი „ლატლიიშდ“ არის ღია სამოქალაქო პლატფორმა, რომელიც არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და დემოკრატიული გაერთიანება, სადაც გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ და მონდომებულ პირს, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა.
გაერთიანების ყველა წევრს უფლება აქვს, იყოს ჩართული ორგანიზაციის საქმიანობაში, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. აღნიშნული ორგანიზაციის შესახებ ვიდეო მასალა სათემო ლიდერთა ფორუმი 2021-ისთვის მომზადდა.
საქართველოს სათემო ორგანიზაციების, თემის ლიდერებისა და საინიციატივო ჯგუფების მონაწილეობით, 26 ნოემბერს 12:00 საათზე, სათემო ლიდერთა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფორუმი, ონლაინ ფორმატში გაიმართა. ფორუმს ტრადიციულად, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) თემის განვითარების პროგრამამ უმასპინძლა. ფორუმი გაიმართა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
სათემო ლიდერთა ფორუმი 2011 წლიდან ტარდება და ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ თემის ლიდერს აერთიანებს, თემებს შორის კონტაქტებს აღრმავეს, მათი საქმიანობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, აკავშირებს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებს და რაც მთავარია სათემო ლიდერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციას აწვდის.
„ყოველწლიურად სათემო ლიდერთა ფორუმის გამართვით, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ სათემო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების განვითარებას, რომლებიც თავის მხრივ თავიანთ თემს აძლიერებენ და მრავალ საინტერესო ინიციატივას ახორციელებენ. სათემო ლიდერთა ფორუმი ერთი მხრივ საზოგადოებას აცნობს მრავალ საინტერესო, სათემო ინიციატივას, ხოლო მეორე მხრივ სათემო ორგანიზაციებს აწვდის მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციას“.- განაცხადა CSRDG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქალბატონმა ეკა ურუშაძემ.
სათემო ლიდერთა წლევანდელი ფორუმიც გამორჩეული იყო და დამსწრე საზოგადოებას ახალი, საინტერესო სათემო ინიციატივები გააცნო. ამასთან, ფორუმზე გრანტის გამცემმა საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავორობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სათემო ორგანიზაციებს საკუთარი შესაძლებლობები გააცნეს, რაც მათ მომავალში თავიანთი იდეების განვითარებისთვის საჭირო რესურსის მოპოვებაში დაეხმარება.
სათემო ლიდერთა ფორუმს დაესწრნენ სათემო ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების, ადგილობრივი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მედიის, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.