ახალი ამბები

ბუსტერ დოზების ინტერვალი ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის შემცირდება

ამ საკითხზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„ეს რეაგირების ერთ-ერთი ფორმაა, რაც ომიკრონის გავრცელებას მოჰყვა. მსოფლიოში ყველა ქვეყანამ გარკვეული ღონისძიებების პაკეტი შეიმუშავა, რათა მზად იყოს ამ ვარიანტის გავრცელებისთვის. ვინაიდან დარწმუნება იმის, რომ საქართველოში კორონავირუსის ეს მუტაცია არ შემოვა არავის აქვს. ეს უბრალოდ დროის ფაქტორია – როდის დაფიქსირდება პირველი შემთხვევა. ის გადაწყვეტილება, რასაც ჯანმო გვთავაზობს ბუსტერ დოზების გააქტიურებაა, ვინაიდან ბუსტერ დოზის შედეგად მიღებული იმუნური პასუხი „ომიკრონის“ წინააღმდეგ საკმარისი უნდა აღმოჩნდეს. ამ მიმართულებით ექვსთვიანი პერიოდის შემცირება იქნება.

დღეისთვის „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, ასევე „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ შემთხვევაში ექვსთვიანი პერიოდი გვაქვს აღებული ყველა ასაკობრივ ჯგუფში და ჩვენი რეკომენდაციაა ეს პერიოდი 5 თვემდე შემცირდეს, ხოლო თუ „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ ვიყენებდით პირველ და მეორე დოზად, აქ ჩვენ განსხვავებული მიდგომა გვქონდა, 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში იყო 3 თვე, ხოლო 60 წლამდე იყო 6 თვე, შეიცვლება და უახლოეს დღეებში „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაციის შემთხვევაში მეორე დოზის გაკეთებიდან ბუსტერის გაკეთება 3 თვეში იქნება შესაძლებელი.

ხოლო „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში მეორე დოზის გაკეთებიდან 6 თვის ნაცვლად ინტერვალი 5 თვემდე შემცირდება. თუ მომავალში დამატებითი ინფორმაცია გამოჩნდება ხუთთვიანი პერიოდის კიდევ მეტად შემცირება შესაძლებელია“, – განმარტა ივანე ჩხაიძემ.