ახალი ამბები

საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციაზე ჯარიმები იზრდება

საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებთან თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება. ამასთან, თამბაქოსთან დაკავშირებულ აკრძალვებთან დაკავშირებით ახალი სახის ფულადი ჯარიმების შემოღება იგეგმება.

ამ მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი ინიცირებისთვის მზად არის, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედინება.

კერძოდ, თამბაქოს რეალიზაცია ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებში ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში გამოიწვევს ჯარიმის დაკისრებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენა – 1000 ლარიან ჯარიმას. (მოქმედი კანონით, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გასაზღვრულია 200 ლარის ოდენობით).

წესდება 1 000 ლარიანი ჯარიმა ფართის დათმობაზე ისეთი ღონისძიებისათვის, როგორიცაა პირდაპირი პერსონალური კომუნიკაცია, ქსელური მარკეტინგი, საპოპულარიზაციო მასალის, მათ შორის, საინფორმაციო მასალის გადაცემა, რომელიც თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაციას ახდენს. ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

წესდება ჯარიმა თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაციისთვის მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის ინტერნეტით) 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის – 10 000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტი ასევე ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ბრენდის გაფართოებისთვის, აგრეთვე სავაჭრო ობიექტში, თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო მოწყობილობების შიდა ან გარე ნაწილზე იმგვარი აღნიშვნების, სურათების, სპეციალური განათების, ციფრული მასალის ან ტექსტების განთავსებისთვის, ასევე ამ საგნების იმგვარი დიზაინისთვის, რომელმაც შესაძლოა მომხმარებლის ყურადღება მიიქციოს ან მოახდინოს ასოცირება მასში განთავსებული პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის ან მწარმოებლისადმი. ჯარიმის ოდენობა განსაზღვრულია 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის – 10 000 ლარის ოდენობით.