თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალს 463 მილიონად ჩინური და თურქული კომპანიები ააშენებენ
კახეთში ახალი 4-ზოლიანი მაგისტრალი უნდა აშენდეს. მშენებლობის პირველი ნაწილი თბილისიდან საგარეჯოს მიმართულებით 35.2-კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი გზის მოწყობას ითვალისწინებს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ამ გზის ძირითად – 31.5-კილომეტრიან მონაკვეთს ჩინური China Road and Bridge Corporation-ი და თურქული Gocay Insaat Taahhut ve Ticaret-ისა და “მაქრო ქონსთრაქშენის” კონსორციუმი 463.3 მილიონ ლარად ააშენებს. აღნიშნული გზის მონაკვეთის სატენდერო ღირებულება 575 მილიონი ლარი იყო და ის კომპანიების კონკურენციის შედეგად, 112 მილიონი ლარით 463 მილიონამდე შემცირდა.
გზის მონაკვეთი ორ ლოტად იყოფა, ესენია:
ლოტი 1) ვაზიანი-საგარეჯოს 23.8-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 383.8 მილიონ ლარს შეადგენს. ტენდერში გამარჯვებულია China Road and Bridge Corporation-ი, რომელიც პროექტს 313.4 მილიონ ლარად ააშენებს, შესაბამისად, ერთი კილომეტრის გზის მშენებლობა ბიუჯეტს 13.2 მილიონი ლარი დაუჯდება. პირველი ლოტის მშენებლობა 30 თვეში უნდა დასრულდეს.
ლოტი 2) საგარეჯოს შემოვლითი გზის 7.66 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 191.5 მილიონი ლარია. ტენდერში გამარჯვებულია Gocay Insaat Taahhut ve Ticaret-ისა და “მაქრო ქონსთრაქშენის” კონსორციუმი, რომელიც პროექტს 149.9 მილიონად ააშენებს. შესაბამისად, ერთი კილომეტრი გზის მშენებლობა ბიუჯეტს 19.6 მილიონი ლარი დაუჯდება. მეორე ლოტის მშენებლობა 24 თვეში უნდა დასრულდეს.
კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმება უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს. იქამდე კი მათ სახელმწიფოს სასარგებლოდ ტენდერის საგარანტიო თანხები უნდა ჩარიცხონ. ტენდერში მონაწილეობა სულ 9 კომპანიამ მიიღო.
კახეთის ახალი მაგისტრალის მშენებლობა კიდევ ერთ მონაკვეთს, თბილისი-ვაზიანის შემოვლით 3.7-კილომეტრიან გზას მოიცავდა, რომლის კონტრაქტორის შერჩევისთვისაც 74.8 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულებით ზაფხულში ტენდერი გამოცხადდა და მასში ოქტომბრის დასაწყისში კომპანია New Road-მა გაიმარჯვა, რომელიც პროექტს 64 მილიონ ლარად ააშენებს.
China Road and Bridge Corporation-ი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაქტორია. მასთან 2018 წელს 901 მილიონი ლარის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ჩქაროსნული მაგისტრალის, რიკოთის უბისა-შორაპნის 13-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი საქართველოს მიერ EIB-ისგან აღებული სესხით ფინანსდება და ის 18 გვირაბის და 27 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს.
კომპანია მმართველობით ანგარიშში აცხადებს, რომ ამ გზის პროექტირების ეტაპის გაგრძელების გამო, სავარაუდოა, რომ მისი მშენებლობა 2022 წელს დასრულდეს.