ონლაინ კაზინოს მომხმარებლის ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე გაიზრდება
ონლაინ კაზინოს მომხმარებლის ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე გაიზრდება. ასეთი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ორშაბათის სხდომაზე გააჟღერა.
მისივე თქმით, მანამდე, პირველ ეტაპზე მოხდება ამ ბიზნესისთვის გადასახადის გაზრდა, ხოლო მეორე ეტაპზე ონლაინ კაზინოების რეკლამა აიკრძალება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამომავლოდ ამ ბიზნესის საერთოდ აკრძალვაც განიხილება.
„პირველ ეტაპზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოური კომპანიები. საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული უცხოეთში გაედინება. ეს არის მილიარდ 500 მილიონი ლარი და აქედან 99% პროცენტი არის გაჭირვებული მოსახლეობის, ვინც არ მუშაობს.
ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა, ასევე 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები, მზად ვარ, ამის თაობაზე ღიად ვისაუბრო. პარლამენტთან აქტიურად ვიმუშავებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.