მთავრობა 18-24 წლის 300,000 მოქალაქეს აზარტულ თამაშებს აუკრძალავს
საქართველოს მთავრობა 18-დან 24 წლის ჩათვლით მოქალაქეებს ონლაინ თამაშის უფლებას და 21 წლიდან 24 წლის ჩათვლით ფიზიკურ კაზინოებში შესვლის უფლებას აუკრძალავს. ამ გადაწყვეტილების შედეგად 300,000 მოქალაქე ლეგალურად თამაშის უფლებას დაკარგავს.
უცნობია, აქვს თუ არა მთავრობას რაიმე გეგმა იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა მოიმოქმედოს იმისთვის, რათა ამ დემოგრაფიულმა ჯგუფმა გემბლინგის უცხოურ სისტემებზე ან კრიპტოკაზინოებზე არ გადაინაცვლონ. თანაც, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ეს ოპერატორები საქართველოს მთავრობას საერთოდ არ უხდიან გადასახადებს.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, 18 წლის პირებს შეეძლოთ ონლაინკაზინოში თამაში, ასევე სათამაშო აპარატების სალონსა და ტოტალიზატორებში შესვლა. სამორინეში თამაშზე კი 21-წლიანი ცენზი იყო დაწესებული.
მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში აზარტული თამაშების მინიმალური ასაკობრივი ცენზი ძირითადად 18-21 წლებია. bm.ge-ს ინფორმაციით, ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში ასაკობრივი ცენზი ასეთია: საფრანგეთი – 18 წელი; საბერძნეთი – 21 წელი; გერმანია – 18 წელი; იტალია – 18 წელი; ესპანეთი – 18 წელი; დიდი ბრიტანეთი – 18 წელი; პოლონეთი – 18 წელი; ნიდერლანდები – 18 წელი; დანია – 18 წელი; პორტუგალია 18 წელი; შვეიცარია – 18 წელი.
აზარტული თამაშების ცენზის 25 წლამდე გაზრდის ინიციატივა რამდენიმე წლის წინაც არსებობდა და ის 2018 წლის სექტემბერში ფინანსთა სამინისტრომ გააჟღერა, თუმცა ამ ინიციატივას კანონის სახე არ მიუღია. დღეს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სექტორისთვის ახალი რეგულაციები დაანონსა.
რეგულაციებს შორისაა გადასახადების გაზრდა და რეკლამების აკრძალვა.