ახალი ამბები

დედოფლისწყაროში კორონავირუსით ხუთი შვილის დედა გარდაიცვალა

დედოფლისწყაროში, 5 შვილის დედა, 49 წლის ნატო ტოკლიკიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. მას დედოფლისწყაროს კოვიდ-კლინიკაში მკურნალობდნენ.

კოვიდ- კლინიკის მენეჯერის ხათუნა აგლაძის განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა საავადმყოფოში გადაყვანისას უკვე რთული იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“პაციენტის მდგომარეობა შემოყვანისთანავე იყო რთული. ბოლოს გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე, მაგრამ გადარჩენა შეუძლებელი გახდა. სამწუხაროდ, ქალბატონი არ იყო ვაქცინირებული”- განაცხადა აგლაძემ.

გარდაცვლილი ნეკრესის ეპარქიის მეუფეს, სერგი ჩეკურიშვილის ნახევარდა იყო. თავად მეუფეც პოსტოპერაციულ პერიოდში, კორონავირუსით წარმოშობილი გართულებებით, 21 სექტემბერს, თბილისში, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ რთულია. კოვიდ- მიმღები კლინიკები გადატვირთულია, ხოლო ტესტირების ცენტრებში დიდი რიგებია.