ახალი ამბები

200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი 10 121 ადამიანს დღეს ჩაერიცხება

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან გოგოძის განცხადებით, 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 200-ლარიანი დანამატის თაობაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აიცრნენ, კუთვნილი თანხა „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ანგარიშებზე დღეს დაერიცხებათ.

მისივე თქმით, ფულადი დახმარების თანხამ 2,024,200 ლარი შეადგინა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამია, 200-ლარიან დანამატს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვინც პირველადი დოზით 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრებიან.

მათივე ცნობით, 60 წლის და ზემოთ ასაკის პირები, რომლებიც პირველი დოზით აცრილები ან სრულად ვაქცინირებულები არიან და „ბუსტერ დოზას“ იკეთებენ, ერთჯერად ფულად დანამატს ვერ მიიღებენ.

„რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 60-დან 65 წლამდეა და საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნებიან , ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა “ლიბერთი ბანკთან” გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ახლადგახსნილ ანგარიშზე მოხდება.

იმ ბენეფიციარების დაფინანსება კი , რომელთათვისაც 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების გაცემა 2021 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდება, თანხას მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.