ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია სოფლების ამბულატორიებში იქნება შესაძლებელი

კახეთის მუნიციპალიტეტებიდან, გურჯაანი იქნება პირველი რეგიონში, სადაც ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის ნებაყოფლობითი ვაქცინაციის გასაფართოებლად სპეციალური ღონისძიებები ჩატარდება.

მუნიციპალიტეტის ცენტრალური სამედიცინო დაწესებულებების და სოფლის ამბულატორიების ექიმები და ექთნები მასობრივად ერთვებიან ვაქცინაციის პროცესის გაფართოების სამუშაოებში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დაკომპლექტებულმა სპეციალისტთა ჯგუფმა, ათობით ადგილობრივ მედიკოსს ინტენსიური სწავლება და ვაქცინაციის პროცესის უსაფრთხოდ და კვალიფიციურად წარმართვისთვის საჭირო ინსტრუქტაჟი ჩაუატარა. გაიმართა როგორც თეორიული სწავლებები, ასევე პრაქტიკული პროცედურების დეტალური განხილვა.

ვაქცინაცია წარიმართება ყველა იმ სოფელში, სადაც სამედიცინო პუნქტები ფუნქციონირებს, რაც სოფლის მცხოვრებთ გაუმარტივებთ ვაქცინებზე წვდომას.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი იქნება პირველი დასახლება საქართველოში, სადაც მსგავსი მასშტაბის პროექტი განხორციელდება და მოსახლეობას აცრაზე ხელმისაწვდომობა უპრეცენდენტოდ გაუმარტივდება.