ახალი ამბები

კორონავირუსის პიკს დეკემბერსა და იანვარში ვარაუდობენ

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძეს განცხადებით, დეკემბერი და იანვარი ძალიან საგანგაშო და მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანას აქვს მიღებული ჯანმო-ს გაფრთხილება, რომ წელს გრიპის გაცილებით მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე 2020 წელს. იმ ადამიანების რაოდენობა კი ვისაც გარკვეული იმუნიტეტი აქვს გრიპის მიმართ, ძალიან დაბალი იქნება – დეკემბერი და იანვარი ძალიან საგანგაშო და მნიშვნელოვანი პერიოდად არის გამოცხადებული.

მან „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, რომ ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალი რჩება. ასევე არ მოუმატია იმუნიზაციის მაჩვენებელს.

„პრაქტიკულად, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა, რაც ძალიან ცუდია. ჩვენი მოლოდინი, რომ ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდებოდა, ჯერ ისევ მოლოდინად რჩება. 60 წელს გადაცილებულთა ფინანსური დაინტერესების და „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების მიუხედავად, ჯერ-ჯერობით უცვლელი რჩება ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა. ამ ორ ფაქტს კიდევ უფრო ამძაფრებს ის პერიოდი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ნოემბრის ბოლო და დეკემბრის დასაწყისი ის პერიოდია, როდესაც პირველად გამოჩნდება ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსის შემთხვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ გრიპის შემთხვევების მატების პერიოდი დაიწყება, რაც პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს. ყველა ქვეყანას გვაქვს მიღებული ჯანმო-ს მიერ გაფრთხილება, რომ წელს გრიპით ავადობა გაცილებით უფრო მეტი იქნება, ვიდრე 2020 წელს. ასევე ძალიან დაბალი იქნება იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც გარკვეული იმუნიტეტი აქვს გრიპის მიმართ. დეკემბერი და იანვარი ძალიან საგანგაშო და მნიშვნელოვანი პერიოდია, როგორც პანდემიის მიმდინარეობის, ისე გრიპის შემთხვევების მატების თვალსაზრისით“
, – აღნიშნავს ჩხაიძე