60-დან 65 წლამდე პირებს 200-ლარიანი დანამატის ჩასარიცხად სოც.სააგენტო ბანკში ანგარიშს თავად გაუხსნის
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 60-დან 65 წლამდე საპენსიო ასაკს მიუღწეველი მოქალაქეებს, სოციალური მომსახურების სააგენტო „ლიბერთი ბანკთან“ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ანგარიშს თავად გაუხსნის.
საუბარია 200 ლარიან დანამატზე, რომელსაც 60 წლისა და მეტი პირები აცრის შემთხვევაში სახელმწიფოსგან მიიღებენ.
“სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია თვის განმავლობაში ორჯერ (1-ელ და 15 რიცხვებში) მიეწოდება და ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას. ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება”,-წერია განცხადებაში.
ასევე მოქალაქეები, რომლებიც აცრის პირველ დოზას 2021 წლის დეკემბრის თვის ბოლოს გაიკეთებენ, ერთჯერად დანამატს 2022 წელს მიიღებენ.