საქართველო რუსულ ფქვილზე ხდება დამოკიდებული – იმპორტი გაორმაგდა
საქართველომ გასული წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, ფქვილის იმპორტი 82%-ით, 16.4 ათას ტონამდე გაზარდა.
როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქსტატიდან“ აცნობეს, საქართველოში იმპორტირებული ფქვილის 96% რუსულია.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველომ ფქვილის იმპორტში $4.8 მილიონი, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, მხოლოდ $2.5 მილიონი გადაიხადა. ამასთან, გასულ წელთან შედარებით საქართველოს 1 ტონა ფქვილის იმპორტი 5.4%-ით გაუძვირდა.
რაც შეეხება ხორბალს, გასული წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით იმპორტი წელს 30%-ით, 282.8 ათას ტონამდე შემცირდა. $80 მილიონიდან $67.8 მილიონამდე შემცირდა იმპორტში გადახდილი თანხაც. „საქსტატის“ მონაცემებით იმპორტირებული ხორბლის 90%-ზე მეტი რუსულია.
საერთო ჯამში, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ ხორბლისა ($67.8 მილიონი) და ფქვილის ($4.8 მილიონი) იმპორტში $72.6 მილიონი გადაიხადა.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, საქართველოში შესაძლოა, ხორბლის მარაგების პრობლემა შეიქმნას, რაც ფქვილის იმპორტის ზრდას და ხორბლის იმპორტის კლებას უკავშირდება.