ევროკომისიამ საქართველოს covid-პასპორტი აღიარა
ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდ-პასპორტი აღიარა.
ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ევროკავშირის Covid-19-ის სერტიფიკატების სისტემას საქართველოსთან ერთად მოლდოვა, ახალი ზელანდია და სერბეთიც მიუერთდა.
გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ ოთხივე ქვეყანაში გაცემული სერტიფიკატები დაუკავშირდება ევროკავშირის ელექტრონულ სისტემას. ამავე დროს, ამ ქვეყნებმა ვალდებულება აიღეს, თავის მხრივ, აღიარონ ევროკავშირის Covid-19-ის ელექტრონული სისტემა ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების შემთხვევაში.
ევროკომიის გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერთიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას.
“საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი ვაქცინაციის, ტესტებისა და კოვიდისგან გამოჯანმრთელების შესახებ აღიარებულია ევროკავშირის მიერ და გათანაბრებულია ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციით გაცემულ სერტიფიკატებთან, რომლის მიზანიცაა ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა ევროკავშირის ტერიტორიაზე. ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და ასევე ასკვნის, რომ საქართველო უერთდება ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემას”, – წერია განცხადებაში.