კარლ ჰარცელი სოფელ იყალთოში ენერგოეფექტურ საბავშვო ბაღს გახსნის
12 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში საბავშვო ბაღს ოფიციალურად გახსნის.
საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნული ბაღი ევროკავშირის მხარდაჭერით სრულად განახლდა.
მათივე ცნობით, შენობაში გატარდა ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და დაინერგა მდგრადი ენერგიის გადაწყვეტილებები.
„ოფიციალური გახსნა ევროკავშირის ენერგოეფექტურობის შესახებ მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის და ევროკავშირის ელჩის კახეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება .
გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრებიან საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია, პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები, თელავის მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
იყალთოს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და თერმომოდერნიზება მხარდაჭერილია ევროკავშირის პროექტის „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისთვის” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ენერგოეფექტურობის ცენტრი – საქართველო, თელავის მუნიციპალიტეტთან პარტნიორობით. პროექტის შედეგად, საბავშვო ბაღის შენობა სრულად თბება, ხოლო მასთან დაკავშირებული ხარჯები 60%-ით მცირდება. ამასთან, უმჯობესდება ჰაერის ხარისხი და მცირდება სათბურის გაზების გამოფრქვევა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინფორმაცია იყალთოს საბავშვო ბაღის გახსნისა და ელჩის კახეთში ვიზიტის შესახებ განთავსდება EU4Georgia-ს ვებგვერდზე: https://eu4georgia.ge/mediacorner/