ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ქსელური მუშაობა მოქალაქეთა ჩართულობის გასაძლიერებლად

კახეთის რეგიონული ჰაბის „მედია ცენტრი კახეთის“ (MCK) ორგანიზებით 10 ნოემბერს ჩატარდა შეხვედრა თემაზე: „ქსელური მუშაობა მოქალაქეთა ჩართულობის გასაძლიერებლად“, ადგილობრივი სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების მონაწილეობით.

შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

ღონისძიების მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ერთობლივი მუშაობის ხელშეწყობა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით. შეხვედრაზე განხილული იქნა რეგიონში არსებული მძიმე პანდემიური ვითარება, რომელიც საფრხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

შეხვედრას დაესწრნენ ადგილობრივი სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე საჯარო უწყებების ხელმძღვანელი პირები, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ, კახეთის რეგიონული ჰაბის მხარდაჭერით, შეიქმნა კახეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციების ერთიანი საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც მხარს დაუჭერს სამოქალაქო ინიციატივებს და ამასთან, ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას ადგილობრივ თვითმმართველობაში.

ინფორმაცია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ შესახებ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) მიზანია, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

ინფორმაცია კახეთის რეგიონული ჰაბის შესახებ:
ჰაბი წარმოადგენს რეგიონულ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ინფორმაციის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაცვლას. კერძოდ, ჰაბი უზრუნველყოფს პროექტის აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას შესაბამის რეგიონში, წარმართავს ადგილობრივ აქტორებთან (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თვითმმართველობა, ადგილობრივი ბიზნესი, მედია, მოხალისეები, ახალგაზრდები და სხვ.) კომუნიკაციას კონსულტაციების, ქსელური მუშაობის, ადვოკატირებისა და მონიტორინგის გზით, ხელს უწყობს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერებას და მათი როლისა და საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას საზოგადოებაში.