ახალი ამბები

შსს-მ სოფელ ყარაჯალაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ყარაჯალაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო.

უწყების ცნობით, სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ ყარაჯალაში, პატრულირების დროს გზაზე შეკრებილ 15-მდე მოქალაქეს, რომელსაც ერთმანეთთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდა, მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა მხარეები მოწოდებას არ დაემორჩილნენ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთმა მხარემ სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„სიტუაციის განეიტრალების მიზნით, პოლიციის თანამშრომლებმა გამოიძახეს პოლიციის დამატებითი მორიგე ჯგუფები.

სამართალდამცველები მხარეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებდნენ და სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, თუმცა მხარეები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოწოდებებს და განაგრძეს ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირება. ასევე, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მხარე პოლიციის მიმართ გახდა აგრესიული. მათ სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდარი ინცინდენტის დროს დაშავებული მოქალაქეები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტის დროს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმაც.

დაპირისპირებაში მონაწილე როგორც მხარეების, ასევე იმ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციის თანამშრომლებს, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

თელავის რაიონულ სამმართველოში ყარაჯალარში მომხდარ მოქალაქეებს შორის ძალადობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით, ხოლო პოლიციის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის და დაუმორჩილებლობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

საქმეს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.