ახალი ამბები

მოწევის აკრძალვა ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში | რა ჯარიმა დაეკისრებათ მოქალაქეებს

ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში რომ შესაძლოა მოწევა აიკრძალოს, მსჯელობა უკვე წლებია, მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, უკვე მომზადდა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის განხილვაც პარლამენტში სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ დაიწყება. დღეს კი, ცნობილი ხდება იმ ჯარიმის ოდენობაც, რაც პირს ავტომობილში მოწევის შემთხვევაში დაეკისრება.

“თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე “პალიტრანიუსის” ეთერში ამბობს, რომ პროექტის მიხედვით ტაქსის მძღოლები 200 ლარით, მგზავრები კი 100 ლარით დაჯარიმდებიან. რაც შეეხება კერძო ავტომობილებს, აქ პირველადი ჯარიმა ყველასათვის 100 ლარითაა განსაზღვრული.

პირველი ვერსია 2017 წელს იყო, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევის აკრძალვასთან ერთად ტაქსიში მოწევაც უნდა აკრძალულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ეკონომიკური გუნდის ძალისხმევით ამ პროცესის გადავადება მოხდა. ახლა კი საზოგადოების მზაობაც მეტია. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ტაქსიში მოწევა სრულად უნდა აიკრძალოს.

რაც შეეხება კერძო ავტომობილებს, აქ აკრძალვა მხოლოდ ბავშვის მგზავრობის შემთხვევაში მოხდება. საჯარო სანქცია მძღოლზე იქნება იმდაგვარი, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში, რადგან მგზავრთან შედარებით მას მეტი ბერკეტი აქვს. ჯარიმა მძღოლის შემთხვევაში 200 ლარია, ფიზიკური პირის – მგზავრისთვის კი 100 ლარი.

რაც შეეხება კერძო ავტომობილში მოწევის შემთხვევას, აქ მხოლოდ მწეველზე მოდის სანქცია და ის 100 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში 200 ლარით, ყოველი მომდევნო ჯარიმა კი 300 ლარია. ადმინისტრირების ორგანო, კვლავ საპატრულო პოლიციაა. დაჯარიმება მოხდება უკონტაქტო კამერებითაც და ასევე ეკიპაჟების მიერაც – ამბობს ბახტურიძე