ახალი ამბები

2021 წლის ,,დემოკრატიის ლიდერის” ჯილდოს მფლობელი თინიკო ხანჯალიაშვილი გახდა

2021 წლის “დემოკრატიის ლიდერის” ჯილდოს ორი გამარჯვებული ჰყავს – გორიდან ანა ბალიაშვილი და თელავიდან თინიკო ხანჯალიაშვილი.

პრიზი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) 2015 წელს დააწესა, აჯილდოებს ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული სიმამაცე, სიმტკიცე და ლიდერის თვისებები გამოავლინეს დემოკრატიის ღირებულებების, ადამიანის უფლებების, თანასწორობის გაძლიერებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

,,თინიკო ხანჯალიაშვილი – თელავის დემოკრატიის სკოლის მეორე თაობის კურსდამთავრებულია. თინიკოს განათლების სფეროში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ის მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერად პანკისში, ასევე USAID G-3 პროგრამის მენეჯერად კახეთში. იგი არის თვითმმართველობების ასოციაციის NALAG- ს წევრი და ტრენერი. იგი ასევე იყო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კონსულტანტი კახეთში, მათ შორის, GIZ, CENN, UNDP და სხვა. მას ასევე აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც. ბოლო წლებში თინიკო იყო კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი “აისი”-ს დირექტორის მოადგილე, თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი, 2019 წლიდან დღემდე არის DMO Visit Kakheti-ის ხელმძღვანელი. იგი დემოკრატიის სკოლის სხვა კურსდამთავრებულებთან ერთად არის არასამთავრობო ორგანიზაციის „კახეთის სამოქალაქო ლიგა“ დამფუძნებელი და არაერთი პროექტი აქვს განმახორციელებელი ადგილობრივ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემში. თინიკოს დიდი გამოცდილება აქვს აქტივიზმის მიმართულებით, რომელიც უკავშირდება ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას, ქალთა და ბავშვთა უფლებების საკითხებს, ევროინტეგრაციას და თვითმმართველობის ინსტიტუციურ გაძლიერებას.

2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში თინიკო აირჩიეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატად “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს პროპორციული სიით.

დღევანდელი პარტიული დაპირისპირების ფონზე, ჯილდოს 2 სხვადასხვა მხარისთვის გადაცემით, რომელსაც ანი და თინიკო წარმოადგენენ, ჩვენ ხაზს ვუსვამთ კომპრომისის, პოლიტიკური თანაარსებობის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებს”,- განაცხადეს ორგანიზაციის ,,აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” წარმომადგენლებმა.

“დემოკრატიის ლიდერი”-ს გამოვლენა დემოკრატიის სკოლის ათი წლის იუბილეს დასკვნითი ღონისძიების ნაწილი იყო. ანასთვის და თინიკოსთვის ჯილდოს მიღება მოულოდნელი და ძალიან ემოციური იყო.

EECMD-ის მიზანია წაახალისოს დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულები რათა უფრო აქტიურად გამოიყენონ ის ცოდნა და გამოცდილებას, რაც დემოკრატიის სკოლაში სწავლისას მიიღეს.

“დემოკრატიის ლიდერის” ჯილდოს ინიციატივა არის მხარდაჭერა და აღიარება იმ ღირებული საქმიანობის, რასაც დემოკრატიის აქტივისტები აკეთებენ ქვეყნის დემოკრატიული საფუძვლების განმტკიცების საქმეში.