რა უნდა იცოდეთ, როდესაც იწყებთ სახლის გარემონტებას ან აკეთებთ მიშენებას – არქიტექტორის რჩევები
თელავში არსებულ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებზე უკანონო და თვითნებური მიშენებების სიმრავლეა.
რა უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ, როდესაც სახლში აკეთებს რემონტს ან მიშენებას. სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა knews.ge-თან არქიტექტორმა დავით ბოჭორიშვილმა.
როგორც მან საუბარში აღნიშნა, აუცილებელია მოსახლეობამ გაითვალისწინოს ის, რომ იშვიათია კვალიფიცირებული მუშა, რომელიც გაუკეთებთ მათ რემონტს. ამისათვის საჭიროა რეკომენდაციისათვის მიმართონ შესაბამისს სამსახურს.
“დეკორატიული ელემენტების შეცვლა პრობლემას არ ქმნის, ეს იქნება კედლების შეღებვა თუ მსგავსი ცვლილება. მაგრამ, მთავარი პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც მფლობელს ჰგონია კარგად ერკვევა ამ საკითხებში და იწყებს რადიკალური ცვლილების მოხდენას სახლში. როგორიცაა მაგალითად კარის გადაადგილება, საყრდენი კედლის მონგრევა. რამაც შესაძლოა სავალალო შედეგი იმ დღეს თუ არა რამდენიმე წელში დააყენოს”– განაცხადა დავითმა.
მისი თქმით, შედეგი რემონტის კეთების დროს დაშვებული შეცდომებისა ყოველთვის ლეტალური არ იქნება, მაგრამ მათ ზიანის მიყენება მაინც შეუძლიათ.
“უცოდინრობით გაკეთებული, რემონტით შედეგი მუდმივად ლეტალური არ არის, მაგრამ შესაძლოა გამოიწვიონ საცხოვრებელი სახლის კედლების გაბზარვა. ან ზეწოლის შემდეგ დაზიანდეს, მაგალითად მიწისძვრის შედეგად და საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრეს”- განაცხადა მან.
იგი მთავარ პრობლემად, ხალხის არასწორ მიდგომას ასახელებს, რომლებსაც არქიტექტორთან კონსულტაცია ზედმეტი ხარჯი ჰგონიათ.
“მოსახლეობა ფიქრობს რომ, თუ არქიტექტორთან გაივლის კონსულტაციას ან მას დააგეგმინებენ რემონტს ეს დაუჯდებათ ბევრად ძვირი, რეალურად კი ეს ასე არ არის. ბევრად ნალკები ხარჯია, რადგან არქიტექტორი სწორედ რომ უსაფრთხო გზებით და ყველა გათვლილი ნიუანსით გეგმავს თქვენი საცხოვრებელი სახლის რემონტს, რაც ნაკლებ ხარჯთანაა ასოცირებული. ჩემი პირდაპირი რეკომენდაცია იქნება, რომ შენობა, რომელიც გადაწყვეტილია იყოს აივნების გარეშე, ნუ მიაშენებთ, გამოცდილი და კვალიფიცირებული ადამიანის შეთანხმების გარეშე, ან თუ გადაწყვეტთ, მოანგრიოთ კედელი, რომელიც არ გგონიათ საყრდენი რადგან თხელია, არც ამ შეცდომაში შეხვიდეთ, რადგან დიახ, თხელი კედლებიც არსებობს საყრდენი.
ამიტომ გაუფრთხილდით თქვენს და სხვის სიცოცხლესაც. მთავარი რეკომენდაცია კი ინება, რომ როდესაც სახლში რადიკალურ ცვლილებას გადაწყვეტთ, რომელიც ეხება რაიმეს მიშენებას ან მონგრევას გთხოვთ მიმართოთ შესაბამისს ადამიანს/კომპანიას, რადგან არ დავდგეთ იმ სავალალო შედეგამდე რის წინაშეც გვიწევს დრო და დრო დადგომა. “- განაცხადა დავით ბოჭორიშვილმა.