საგარეჯოში წარმოებული სატაცური ექსპორტზე დუბაიში გავა
კომპანია Geofresh-ი, რომელიც საგარეჯოში 13 ჰა მიწაზე სამი სახეობის სატაცურის წარმოებით არის დაკავებული, წელს პროდუქტს ექსპორტზე დუბაიშიც გაიტანს.
როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილე, სალომე ყველიაშვილი გადაცემა „ქალების ნარატივში“ ამბობს, მოლაპარაკებები დუბაისთან გასულ წელსაც ჰქონდათ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სატაცურის სეზონი ხანმოკლეა, გატანა ვერ მოესწრო, წელს კი სრულ მზადყოფნაში არიან.
სალომე ყველიაშვილი სატაცურის ფასებზეც საუბრობს, მისი თქმით, კომპანია ქართულ ბაზარზე პროდუქტს დაახლოებით 15-20 ლარად ყიდის, ექსპორტის შემთხვევაში კი ფასი $6-7-ია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფასები ცვალებადია.
„ჯერჯერობით ისევე, როგორც სხვა მწარმოებლებისთვის, ჩვენთვისაც მთავარ საექსპორტო ქვეყანად რუსეთი რჩება, დუბაისთან მოლაპარაკებები გასულ წელსაც გვქონდა, თუმცა, იმდენად ხანმოკლეა სატაცურის სეზონი, რომ დუბაიში გატანა ვერ მოესწრო, წელს 99% მზადყოფნაში ვართ და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი სატაცური დუბაიშიც გამწვანდება. საქართველო ამ პროდუქტის წარმოებას მუდმივად ზრდის, ვფიქრობ, ჩვენ ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ იმპორტი სრულიად ჩაანაცვლოს, მაგრამ რადგან პროდუქტი სეზონურია, ჩვენმა კომპანიამ წელს პირველად გაყინა სატაცური, ეს არის ტექნოლოგია, რომელიც პროდუქტს სრულიად უნარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას“, – განმარტავს სალომე ყველიაშვილი.
ინფორმაციისთვის, კომპანია Geofresh-მა სატაცურის წარმოება, დაახლოებით 1 მლნ ლარის ინვესტიციით 2016 წელს დაიწყო. კომპანია პროდუქტის რეალიზებას ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე ახდენს.
Geofresh- სატაცურის გარდა, მოცვსაც აწარმოებს და მოსავლის აღების პერიოდში 50 ადამიანს ასაქმებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ გასულ წელს 22 ტონა სატაცურის მოსავალი აიღეს, წელს კი 25-ს ელოდებიან.
მათ ასევე სამომავლოდ დაგეგმილი აქვთ საკუთარი სამაცივრე მეურნეობის აშენება.