60 წელს ზემოთ მოქალაქეთა აცრისთვის ექიმი და ექთანი 16 ლარს მიიღებენ
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, რომლითაც ვაქცინაციის ბრიგადებს, რომლებიც 60 წელს ზემოთ მოქალაქეებს აცრიან დამატებითი ანაზღაურება ჩაერიცხებათ. კერძოდ, ექიმსა და ექთანს 60 წელს ზემოთ მოქალაქის ორჯერადად აცრისას 16 ლარის ანაზღაურება ჩაერიცხებათ.
მთლიანობაში დანამატი 20 ლარს შეადგენს, საიდანაც 20% ანუ 4 ლარი ადმინისტრაციულ ხარჯებზე ნაწილდება. შესაბამისად, 60 წელს გადაცილებული პირის პირველი დოზით ვაქცინაციის დროს ექიმი და ექთანი მიიღებენ დამატებით 4 ლარს (თითოეული), ხოლო მეორე დოზით აცრისას კვლავ 4-4 ლარის დანამატს მიიღებენ. შესაბამისად, ორივე დოზით აცრისას მათ მიერ მიღებული ჯამური ანაზღაურება 16 ლარი იქნება.
“მომსახურება ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 20 ლარისა (მ. შ. არანაკლებ 80%-ისა − სახელფასო ფონდი, 20% − ადმინისტრაციული ხარჯი). ამასთან, ექიმისა და ექთნის მიერ კონსულტაციის შედეგად სამიზნე მოსახლეობის: მ.ა) პირველი დოზით აცრის შემთხვევაში − ანაზღაურება განისაზღვრება 10 ლარით; მ.ბ) მეორე დოზით აცრის შემთხვევაში − ანაზღაურება განისაზღვრება 10 ლარით.“- ნათქვამია დადგენილებაში.
საქართველოში ამ დროისთვის 995,000 ადამიანი არის აცრილი, მათგან ორჯერადად ვაქცინირებულია 850,000 ადამიანი. სექტემბრის მეორე ნახევარში ქვეყანაში პირველადი ვაქცინაციის ტემპი დაეცა, ამჟამად აცრების 2/3 მეორე დოზებით ვაქცინაციაზე მოდის. ბოლო 24 საათში ქვეყანაში მხოლოდ 7,815 აცრა ჩატარდა.