ახალი ამბები

,,ნაციონალური მოძრაობა” პრემიერ- მინისტრის ცოლის ძმას, კახეთში ყურძნის მოსავლის მონოპოლიზებასა და სახელმწიფო სახსრების მითვისებაში ადანაშაულებს

პრემიერ-მინისტრის ცოლის ძმას, ალექსანდრე თამაზაშვილს, კახეთში ყურძნის მოსავლის მონოპოლიზებასა და სახელმწიფო სახსრების სრულად მითვისებაში ადანაშაულებენ. განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თელავის მერობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა გააკეთა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულმა აკურის ღვინის ქარხანამ მომსახურების ხელშეკრულება, მხოლოდ ალექსანდრე თამაზაშვილის კუთვნილ ღვინის ქარხანა “ვაინ- კახეთს” გაუფორმა და დანარჩენი ღვინის ქარხნები, მოსავლის მიღების პროცესს ჩამოაცილა.

“აკურის ღვინის ქარხანამ, რომელიც მანამდე სხვა ქარხნებსაც იყენებდა, ხელშეკრულება გაუფორმა მხოლოდ “ვაინ- კახეთს”, რომლის 25 პროცენტიანი წილის მფლობელი, არის ალექსანდრე თამაზაშვილი. ამ გზით, მთლიანი თანხა, რასაც სახელმწიფო იხდის რთველის მომსახურებაში, მიდის მის ჯიბეში. მოსავლის უდიდეს ნაწილს, რასაც კერძო სექტორი ვერ ამუშავებს, ყოველწლიურად, აკურა იბარებს. ახლა მოსავლის უდიდესი ნაწილი თამაზაშვილის ქარხანაში შედის. სხვა ქარხნებს, იმის საშუალებაც აღარ ექნებათ, რომ თანამშრომლებს ხელფასი გადაუხადონ”- განაცხადა ბოტკოველმა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, “ვაინ- კახეთის” 75%-იანი წილის მფლობელი, რუსეთის მოქალაქე, ბორის ხახალევია. ღვინის ეროვნულ სააგენტოში, რომელიც კახეთში რთველის პროცესს წარმართავს, ბოტკოველის განცხადებას არ უპასუხეს.
“ყურძნის მიღების პროცესში 24 ლოკაცია გვქონდა, სადაც ყველაფერი შეუფერხებლად მიმდინარეობდა. ეს განცხადება არ მოგვისმენია, როცა მოვისმენთ, თუ ჩავთვლით საჭიროდ, ვუპასუხებთ და მონაცემებსაც მოგაწვდით”- აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

ყოველწლიურად, ყურძნის მოსავალს, რომელსაც კერძო ქარხნები არ იბარებენ, ღვინის კომპანია “აკურა” ამუშავებს. ქარხანა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაშია.

მთავრობის დაკვეთით, ყურძენს იბარებს, სახელმწიფო საწარმო – „მოსავლის მართვის კომპანიაც“ ,რომელიც 2020 წლის აგვისტოს დაფუძნდა და მისი მესაკუთრე სსიპ-ი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა. წელს, ყურძნის მოსავლის სუბსიდირებისათვის,სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.