თელავის რაიონულმა სასამართლომ ყოფილ პოლიციელს, ვანო ზანდარაშვილს 12-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე, ყოფილ პოლიციელს ვანო ზანდარაშვილს, 12-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მანამდე კი მოსამართლეს დაცვის მხარემ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გაუქმების მოთხოვნით მიმართა, რაც არ დაკმაყოფილდა.
11 ნაფიცი მსაჯული გადაწყვეტილებაზე თითქმის ათი საათის განმავლობაში მსჯელობდა. მათ არ გაიზიარეს დაცვის მხარის პოზიცია და მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც ყოფილმა პოლიციელმა მკვლელობა აფექტში ჩაიდინა.
შეგახსენებთ, თელავის პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, გასული წლის დეკემბერში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურა საჩიშვილი, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სოფელ იყალთოში მოკლა.
გამოძიება, ვანო ზანდარაშვილს, სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.