ახალი ამბები

ყვარელში, ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალზე თავმდამსხმელს, 49 წლის შალვა მელიქიშვილის, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლე მარინე ცერცხვაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომელიც პატიმრობის გამოყენების, მოწმეების შესაძლო ზემოქმედებით, მტკიცებულებების განადგურებით და მიმალვის საფრთხით ახსნა.

პროცესზე დაცვის მხარემ გირაოს გამოყენებას 30 ათასი ლარის ოდენობით ითხოვდა, რასაც მოსამართლე არ დაეთანხმა საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით.

ბრალდებული თელავის რაიონული სასამართლოდან პირდაპირ გლადანის მე- 8 დაწესებულებაში რამდენიმე წუთის წინ გადაიყვანეს.

წინა სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო. ესენია: შორის ცეცხლსასროლი იარაღის უნებართვოთ შეძენა- შენახვა- ტარება, ტერორიზმი და მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შალვა მელიქიშვილს 10- დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეიარაღებული პირი ბანკში 9 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. რამდენიმე საათის შემდეგ ყველა მძევალი უკვე თავისუფალი იყო და შენობაში მხოლოდ თავდამსხმელი რჩებოდა, რომელიც მალევე პოლიციამ დააკავა.

მეზობლების თქმით, თავდამსხმელს, შალვა მელიქიშვილს, რამდენიმე წლის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, თავის არეში ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ, გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები სწორედ ამის შემდეგ შეექმნა.