ყვარელში, ბანკზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულის მიმართ ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს
ყვარელში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული შალვა მელიქიშვილის მიმართ ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.
დაკავებულის ადვოკატი ლეილა გარსევანიშვილი აცხადებს, რომ მელიქიშვილის პოზიციასთან დაკავშირებით იქამდე ვერ ისაუბრებს, ვიდრე აღნიშნულს მისი დაცვის ქვეშ მყოფთან არ შეათანხმებს.
ადვოკატის თქმით, მელიქიშვილის მიმართ აღკევთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.
„ბრალის წარდგენა რომ მოხდება, მერე გადმომცემენ საქმის მასალებს. ახლა ბრალი უნდა წარუდგინონ. სასამართლო აუცილებლად ხვალ იქნება, დაკავებულის პოზიციაზე ვერაფერს გეტყვით, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევხვდები, მერე მოგახსენებთ ყველაფერს. ბრალდებულის თანხმობის გარეშე ვერაფერს გაგიცხადებთ“, – აცხადებს გარსევანიშვილი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შალვა მელიქიშვილი ყვარელში “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 49 წლის შალვა მელიქიშვილი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, შეიარაღებული შალვა მელიქიშვილი ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, მელიქიშვილმა მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.