დამსაქმებლებს ღამის ცვლაში მომუშავეთა პერიოდული სამედიცინო გამოკვლევა დაევალათ
დამსაქმებლებს ღამის ცვლაში მომუშავეთა პერიოდული სამედიცინო გამოკვლევა დაევალათ.
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც ღამის ცვლაში დასაქმებულთა ჯანმრთელობის პერიოდული გამოკვლევის წესებსა და პირობებს განსაზღვრავს. დოკუმენტის თანახმად, დასაქმებულებს, რომლებიც რეგულარულად მუშაობენ ღამის ცვლაში, პერიოდული სამედიცინო შემოწმებები დასჭირდებათ, ამ შემოწმების საფასური კი დამსაქმებელმა უნდა გადაიხადოს. აღნიშნული ვალდებულება ეკისრებათ როგორც კერძო, ასევე საჯარო უწყებებს.
დადგენილების თანახმად, ღამის ცვლაში მომუშავე პირად ითვლება ადამიანი, რომელიც საღამოს 22:00-დან დილის 06:00-მდე პერიოდში რეგულარულად მუშაობს 3 საათზე მეტს, ან დასაქმებული, რომელიც მთლიანი სამუშაო დროის არანაკლებ ¼-ს ატარებს 22:00-დან 06:00-მდე. სამედიცინო შემოწმების გავლა დასაქმებულების ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული.
“ პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარება უზრუნველყოფს: პროფესიული შრომის მავნე და არახელსაყრელ პირობებში და სხვა პროფესიებზე მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დინამიკურ დაკვირვებას, პროფესიული და იმ ზოგადი დაავადებების საწყისი სიმპტომების გამოვლენას და პროფილაქტიკას, რომლებიც წარმოადგენენ აღნიშნულ პირობებში მუშაობის გაგრძელების წინააღმდეგ ჩვენებას, უბედური შემთხვევების თავიდან აცილებას.
პერიოდული სამედიცინო შემოწმების ძირითადი ამოცანებია: მოქმედ საწარმოო ფაქტორთან და ღამის სამუშაოსთან დაკავშირებული პროფესიული დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენა და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება ავადმყოფთა ორგანიზმის დარღვეული ფუნქციების და შრომის უნარის აღსადგენად.
დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში, ღამის სამუშაოზე პირის დასაქმებამდე და ამ დანართის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდულობით, დამსაქმებელი საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, რათა დადგინდეს ღამით მუშაობის პოტენციური რისკები და უარყოფითი შედეგები დასაქმებულის ჯანმრთელობაზე,”- ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.