ახალი ამბები

შესაძლოა 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდეს.

რაც შეეხება უნივერსიტეტებს, გაბუნიას თქმით, მაღალი არ არის სტუდენტების ვაქცინაციის პროცესი, რის გამოც მათ აცრის დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებს.

“ვფიქრობთ, რომ კეთილსაიმედოა ტენდენცია – კლების ტემპი, ასევე ვაქცინაციის პროცესი. პედაგოგებში არის კარგი მაჩვენებლები, ზოგიერთ სკოლაში ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა, თითქმის 60%-ს აღწევს. ეს პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი შექმნის კარგ პირობას იმისათვის, რომ 4 ოქტომბრიდან სწავლა სასკოლო გარემოში დაიწყოს. კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყების პროცესი.

სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პედაგოგ-მასწავლებლებთან ერთად საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დასაწყებად გააქტიურდნენ სტუდენტები და რაც შეიძლება დროულად ჩაიტარონ აცრა“, – აცხადებს გაბუნია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი განახლდეს სკოლებში.