ახალი ამბები

კახეთში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ვენახები და სხვა კულტურები დააზიანა

კახეთის რეგიონში დღეს საღამოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ვენახები და სხვა კულტურები დააზიანა.

წინასწარი ინფორმაციით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში სტიქიამ დააზიანა სასოფლო – სამეურნეო სავარგულები.

ძლიერი ქარმა სოფელ გრემში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ასევე, სეტყვის შედეგად ზიანი მიადგა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულს, სადაც წინასწარი მონაცემებით დაახლოებით 70 ჰა სასოფლო – სამეურნეო მიწის ფართობი დაისეტყვა, მათ შორის ვენახები.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი ამბობს, რომ სტიქიის შედეგების შესასწავლად მუშაობა დაიწყო მუდმივმოქმედმა კომისიამ.

“დაზიანების ხარისხის და რაოდენობის დადგენის შემდეგ მოხდება ზარალის ანაზღაურება”, – განაცხადა შიოშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კახეთში დაახლოებით 5000 ჰექტარ ფართობზე ვენახები და სხვა კულტურები 26 აგვისტოსაც დაისეტყვა. ზოგ ადგილზე მოსავალი თითქმის 100 პროცენტით განადგურდა. ასეთ ფერმერებს მთავრობის მეთაური დაჰპირდა, რომ ჰექტარზე 3000 ლარიანი კომპენსაცია გაიცემა, ხოლო დასეტყვის მოსავალს სახელმწიფო საწარმო იბარებს – თეთრ ყურძენს 80 თეთრად, საფერავს 1 ლარად.