თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი- ყველა სკოლა მზად არის, რომ სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყოს
თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ლევან მრელაშვილის ინფორმაციით, ყველა სკოლა მზად არის იმისთვის, რომ სწავლა საკლასო ოთახებში განახლდეს.
მისი განცხადებით, თელავის 27 სკოლაში მასწავლებლების და თანამშრომლების თითქმის 55% არის აცრილი.
,,მზად ვართ განვაახლოთ სწავლა საკლასო ოთახებში. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, კარგად მიმდინარეობს, ზოგ სკოლაში თანამშრომლების 80%, ზოგან 60% და ზოგან კი ცოტა რაოდენობაა აცრილი. გარდა იმისა რომ 80% უნდა იყოს ვაქცინირებული მასწავლებლების და პერსონალის, ასევე კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი უნდა იყოს 4%-ზე ქვემოთ.
როგორი იქნება 15 სექტემბრისთვის სიტუაცია ჩვენ არ ვიცით.
მასწავლებლების ვაქცინაცია ყოველდღიურად ხდება, ზოგს ჩვენ ვარეგისტრირებთ და ნაწილი თვითონ რეგისტრირდება. საერთო სტატისტიკას, რასაც ბოლოს გადავხედე, სკოლების პერსონალის თითქმის 55% პროცენტი არის უკვე აცრილი.
სულ 27 სკოლაა თელავში და ერთი კერძო სკოლა, ყველგან არის სადეზინფექციო საშუალებები, სამედიცინო ნიღბებსაც შემოვიტანთ. რაც შეეხება ინფირიების შემთხვევებს, ეს დამოკიდებულია იმ ოჯახებზე, სადაც ბავშვები ცხოვრობენ, რამდენად ჩაერთვებიან ვაქცინაციაში”,- განუცხადა Knews.ge-ს ლევან მრელაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, 4 ოქტომბრიდან სწავლა განახლდება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში.
„როგორც სახელმწიფო, ასვე კერძო ბაღები, არ ინფუნქციორებენ 4 ოქტომბრამდე და 4 ოქტომბერს რასაკვირველია ამ საკითხს დავუბრუნდებით. რაც შეხება სკოლებს, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, 4 ოქტომბრამდე ეს დაწესებულებები იფუნქციონიერებენ დისტანციურ რეჟიმში.
სკოლების შემთხვევაში მინდა დავაკონკრეტო, 15 სექტემბერს, როგორც არის გამოცხადებული, სასწავლო პროცესი იწყება, მაგრამ დისტანციურ რეჟიმში და ეს იქნება 4 ოქტომბრამდე.
მინდა დეტალურად აგიხსნათ, რა მოხდება 4 ოქტომბერს და როგორი კრიტერიუმით ვისარგებლებთ. გადავწყვიტეთ, რომ დიფერენცირებული მიდგომა გვექნება. ეს გულისხმობს შემდეგს, კერძოდ კი იმ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, სწავლა განახლდება საკლასო ოთახებში და შესაბამისად, აუდიტორიებში, ანუ დასწრებულ ფორმატში. ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც 4%-ზე მაღალი იქნება, კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება.
როგორც იცით, ამჟამად საქართველოში სხვადასხვა შტამებს შორის, „დელტა“ შტამი შეადგენს 90%-ს და სამწუხაროდ, ეს შტამი განსაკუთრებით დაერია ბავშვებს და ახალგაზრდებს. ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე. უწყებათაშორისმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება მიიღო“,-განაცხადა ჩხენკელმა.

