გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ, პოლონეთში დაღუპული ახალგაზრდა საქართველოში გადმოასვენეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან პოლონეთში ემიგრაციაში მყოფი, 26 წლის ახალგაზრდა დიტო ხალხელაური გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ საქართველოში გადმოასვენეს.
გარდაცვლილის მეგობრის, მარიამ ოქროცვარიძის განმარტებით, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა, თუმცა რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, დღემდე გაურკვეველია.
“ორ თვეზე მეტი, ცხედარი ვარშავის პროზექტურაში ესვენა. ვვარაუდობთ, რომ მძიმე ემოციური მდგომარეობის ფონზე დიტომ თავი მოიკლა, მაგრამ რა გარემოებებმა მიიყვანა იგი აქამდე და რეალურად რა მოხდა არავინ იცის. დედამისი აპირებდა წასვლას პოლონეთში, მაგრამ აღარ გახდა საჭირო, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევით მოხდა გადმოსვენება”– განმარტა ოქროცვარიძემ.
დიტო ხალხელაურს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, საიდანაც ის წარმოშობით იყო, ხვალ დაკრძალავენ. შეგახსენებთ, ის პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 11 ივნისს გაუჩინარდა. ახლობლები და ოჯახის წევრები ახალგაზრდას ერთ კვირაზე მეტხანს ეძებდნენ.
19 ივნისს, ხალხელაური ვარშავის პოლიციამ მდინარეში გარდაცვლილი იპოვა. გარდაცვალების რეალური მიზეზისა და სიკვდილის გარემოებების დასადგენად ოჯახმა ადვოკატი, საზოგადოების დახმარებით დაიქირავა, თუმცა რამ მიიყვანა ახალგზარდა სავარაუდო თვითმკვლელობამდე ჯერ-ჯერობით, დაუდგენელია.

