თელავის სახელმწიფო თეატრის დასი პოლონელი მაყურებლის წინაშე წარსდგება
2021 წლის 23 სექტემბერს ფესტივალის „DIRECTION EAST” ოფიციალური მოწვევით, პოლონელი მაყურებლის წინაშე საქართველოს წარადგენს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
მსახიობები მაყურებელს ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლს „როცა ძალიან მოგენატრები“ შესთავაზებენ.
თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპექტაკლი გაიმართება პოლონეთის ქალაქ ბელოსტოკის ალექსანდრე ვეგიერკოს სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
,,მოხარულები ვართ, რომ პანდემიის რთულ პირობებში თელავის თეატრი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო თეატრალურ მოვლენებში და წარმატებით ვაგრძელებთ ქართული თეატრის პოპულარიზაციას მსოფლიო ასპარეზზე”,-აცხადებენ თეატრის ადმინისტრაციაში.

