ახალი ამბები

ლაგოდეხში ხის კენწეროების ბილიკის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება

ლაგოდეხის ნაკრძალში ხის კენწეროების ბილიკის მშენებლობა იგეგმება.

ხის კენწეროების ბილიკის, საინფორმაციო ცენტრის და საპარკინგე სივრცის მოწყობაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტომ მიწის ნაკვეთებზე, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონი 2020 წლის 10 იანვარს გამოაცხადა.

როგორც „კომერსანტს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოში უთხრეს, გამარჯვებული კომპანია „კასს სქაი ბრიჯ“, იგივე „კასს ჯგუფია“, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს და შემდგომ მართვას განახორციელებს.

უწყების ინფორმაციით, ხის კენწეროების ბილიკის მშენებლობა დეტალური პროექტირების ეტაპზეა, კომპანიას პროექტის განხორციელების ვადა 2023 წლის ბოლომდე აქვს.

სააგენტოს ინფორმაციით, ხის კენწეროების ბილიკები კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს მოიცავს.

საინვესტიციო თანხა 8 000 000 ლარს შეადგენს.