სეტყვისგან დაზარალებულ მევენახეებს ერთჯერადი კომპენსაციის სახით 1 ჰა-ზე 3000 ლარი გადაეცემათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა რთველი 2021-ის საკოორდინაციო შტაბში სეტყვით შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს.
მათი ინფორმაციით, მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100 %-ით გაუნადგურა მოსავალი და ვერცერთი კილოგრამი ყურძნის ჩაბარებას ვერ შეძლებენ, ერთჯერადი კომპენსაციის სახით 1 ჰა-ზე 3000 ლარს მიიღეებენ.
აღსანიშნავია, რომ სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ: დაზიანებული 1 კგ რქაწითელი – 0,80 ლარი და 1 კგ საფერავი – 1 ლარი;
ხელისუფლების წარმომადგენლები დაზარალებულ ფერმერებს შეხვდნენ და სახელმწიფო საწარმოში „მოსავლის მართვის კომპანია” სეტყვით დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნენ.
მათი თქმით, ყველა რესურსი მობილიზებულია, იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად შეძლონ. დასეტყვილი ყურძნის მიღება თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში კომპანიის მიერ მოწყობილ ლოკაციებზე უკვე შესაძლებელია.
26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

